მთავარი » სტატიები » Мои статьи |
კანონმდებლობა მოყვარული მონადირეებისათვის და მეთევზეებისათვის
ეს კანონმდებლობა უნდა იცოდეს ყველა მონადირემ და მეთევზემ,რათა არ შეექმნას პრობლემა გარემოს მაკონტროლებელ ორგანოებთან, რაც შეეხება ზოგიერთი აკრძალვის მართებულობას, ეს სხვა საკითხია. ნადირობა. ნადირობა არის გარეულ ცხოველთა სპეციალური სარგებლობის ფორმით მოპოვება, ფიზიკური და იურიდიული პირების მატერიალური, რეკრეაციული და სხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ნადირობა შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ლიცენზიის საფუძველზე, სამოყვარულო და სპორტული ნადირობის სახით. ნადირობის უფლება ეძლევა ფიზიკურ პირს, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი და აქვს ნადირობისათვის აუცილებელი იარაღის ფლობის ნებართვა. ნადირობის წესები საქართველოში რეგულირდება რამოდენიმე კოდექსით,მინისტრის ბრძანებით და სხვა სამართლებრივი აქტებით. მონადირეს პირველ რიგში უნდა გააჩნდეს მასზე გაპიროვნებული იარაღი, შემდეგ კი ლიცენზია იმ ცხოველზე თუ ფრინველზე,რომელზეც აპირებს ნადირობას. საქართველოში როგორც წესი ცხოველზე ნადირობის ლიცენზია არ იცემა. კანონმდებლობით კი შეიძლება ცხოველზე ნადირობის ლიცენზიით გაცემა,თუმცა ჯერ არ გაგვიგია, ასეთი ლიცენზიის გაცემის შესახებ. ტრადიციულად სახელმწიფო გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის ნებართვას იძლევა. გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი აგვისტოს მესამე შაბათიდან 1 მარტამდე გრძელდება. ამ ნადირობის ნებართვაში სახელმწიფო განსაზღვრავს ფრინველის ჯიშებს და მათი მოპოვების ვადებს. ნადირობა შეიძლება დავყოთ რამოდენიმე ნაწილად: 1. რაზე ვნადირობთ, რაზე არ ვნადირობთ. 2.სად არ გვაქვს უფლება რომ ვინადიროთ. 3.რამდენის მოპოვების უფლება გვაქვს, 4.რა წესით და იარაღისთ უნდა მოვიპოვოთ. 5. რა საბუთები უნდა გვქონდეს ნადირობისას. განვიხილოთ ყველა ეს საკითხი. 1. რაზე ვნადირობთ. რაზე ნადირობის უფლება არ გვაქვს. კანონიერად ნადირობა ქართველ მონადირეებს შეგვიძლია მხოლოდ გადამფრენი ფრინველების გარკვეულ სახეობებზე.(1. მწყერზე, 2. ტყის ქათამზე, 3. ჩიბუხაზე, 4. ქედანზე, 5. გარეულ მტრედზე, 6. ჩვეულებრივ გვრიტზე, 7. გულიოზე (გვიძინი), 8. რუხ ბატზე, 9. ჭიკვარაზე, 10. გარეულ იხვზე, 11. იხვინჯაზე, 12. ფართოცხვირა იხვზე, 13. მელოტაზე, 14. რუხ იხვზე). სხვა დანარჩენ ნადირობისთვის დაშვებულ სახეობებზე ნადირობის ლიცენზია სახელმწიფოს ჯერ არ გაუცია და ამიტომ ჯერჯერობით მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. ამიტომ მინდა ყველამ გაიგოს და გაითავისოს, რომ გადამფრენი ფრინველების გარკვეული სახეობის გარდა (რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ) ნადირობა ყველაფერზე აკრძალულია. მაგალითად: აკრძალულია კურდღელზე, მგელზე, ტურაზე, მელაზე, კვერნაზე, დათვზე, ღალღაზე, შაშვზე და ... ყველა იმ სახეობაზე, რომელიც ზემოთ აღნიშნულ გადამფრენი ფრინველების ჩამონათვალში ვერ მოხვდა. როდესაც სახელმწიფო დაუშვებს პრეცედენტს, თუნდაც ერთი ლიცენზიის გაცემით, გადამფრენი ფრინველების სახეობის გარდა, მაშინ განვიხილავთ ასეთი ნადირობის წესებს და ვადებს. 2. გადამფრენი ფრინველების ნადირობისას კანონმდებლობა ადგენს ნორმებს სად ვნადირობთ და სად არის აკრძალული ნადირობა. ნადირობა აკრძალულია, სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში. 3. გადამფრენი ფრინველები ნადირობა აკძალულია ნებისმიერი სახის ასაფეთქებელი და სხვა საშუალებით, რომელიც ტანჯვას აყენებს გარეულ ცხოველს. 5. პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის თანხას ვიხდით ბანკში (მნიშვნელობა არ აქვს რომელში) . დღესდღეობით ეს თანხა შეადგენს 10 ლარს + 1 ლარი ბანკის მომსახურების საკომისიო, ანუ სულ 11 ლარს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტს კი იძლევიან მომსახურების სააგენტოში. მისი ფასი სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვაა. ზუსტ ფასს მომსახურების სააგენტოში შეიტყობთ.
| |
ნანახია: 760 | |
სულ კომენტარები: 0 | |